აღდგომა

სამზადისი

სანამ სოფლისკენ მიმავალ გზას დაადგები, პატარა და ვიწრო ქუჩა უნდა გაიარო. ქუჩის ერთ მხარეს საცხოვრებელი სახლებია, მეორე მხარეს ეკლესია და სუპერმარკეტი, რომელიც ღირსეულად ატარებს მეპატრონის სახელს. იქვეა პატარა თონეც. პატარა თონესთან დიდი რიგი დგას; ყველამ უნდა მოასწროს სამყოფზე მეტი პურის ყიდვა. სულ ოთხი კაცი მუშაობს. ორი მცხობელი -მორიგეობით. ერთი დამხმარე ბიჭი, რომელიც ცომს აგუნდავებს ხოლმე და ერთიც- გამყიდველი. ჩვენ რომ ჩავიარეთ ერთ-ერთი მცხობელი ისვენებდა, შენობიდან გამოსულიყო და ხის სამფეხა სკამზე ძლივს ატევდა მოსუქებულ საჯდომს. ტანსზემოთ შიშველს მზისთვის მიეშვირა ოთხად მოკეცილი ღიპი და მაისურით იმშრალებდა მოშვებული კმერდის ქვეშ დაგროვებულ ოფლს. ამ დროს რიგიდან თავდაღწეულმა მოხუცმა ქალმა ჩამოიარა.უკან პატარა შვილიშვილი მისდევდა, რომელიც ხარბად ილუკმებოდა ახლად გამომცხვარი პურის მოზრდილ ნაჭერს.

ქარიანი დღე იყო და სანამ ეზოს შესასვლელთან მდგარ დაბერებულ მსხლის ხეს ყვავილი დასცვივდა, ქათმებიც დაკლეს, გოჭებიც და ზოგმა ხბოც.შაბათიც გახდა წითელი. წითელ პარასკევს კვერცხი შეღებეს. ასე ნაკლები არავის, მეტი იცოცხლეთ.
მერე პატრონის რკინის ხელს გადარჩენილმა ქათმებმა, აფოფრირელბმა დააგემოვნეს მათნაირების სიხლით მოსვრილი მოწითალო ბალახი. გაკეთდა ყველანაირი ფხალეული. მოიხარშა დედლები. ნახარში კარგად შეიფუთა ემალის მოზრდილ ქვაბებში-საპახმელიოდ,ჩიხირთმისთვის და როცა რუხი წრუწუნა ცდილობდა რაც შეიძლება მეტი, იატაკზე დაყრილი სანოვაგე შეეზიდა სოროში, გამოცხვა ხაჭაპურები.ამოვიდა პასკის ცომი. დასაკრემად მოამზადეს ნამცხვრები. მოზილეს ტარხუნის პეროგისთვის ფენოვანი ცომი. მერე ნამცხვრებს მიუბრუნდნენ. პირველის დაკრემვისას ყურადღება გაეფანტათ. მეორის დაკრემვის დროს თვალი გააპარეს. მესამეზე მუცლები ასტკივდათ, მეოთხზე გააცნობიერეს, რომ არ შეხვდებოდათ არც კრემი, მით უმეტეს, არც ნამცხვრის ნაჭერი და ეზოში გაცვივდნენ სათამაშოდ.დიასახლისები გვიან დაწვნენ. მამაკაცები და ბავშვბეი უფრო ადრე.


გზა.

სასაფლაოზე შეკრებილი ხალხის ჩოჩქოლის ხმა მძიმედ დაეშვა ფერდობზე, გადაიარა სახნავ-სათესად გამზადებული მიწები. გასცდა საფლავებისკენ დაგვიანებით მიმავალთ და ძაღლსაც, გზადაზგა რომ მიირთმევდა ძირგამომპალი კალათიდან დაცვენილ საჭმელს. შეიჭრა დაცარიელებულ სახლში, ჩაუარა ხატების თაროზე მიკრულ ჩამწვარ სანთელს და მაგიდაზე გასაშრობად დაწყობილ ჯამ-ჭურჭელს. უკანა კარით გავიდა მოუწესრიგებელ ეზოში, გადაევლო ხის მორყეულ ღობეს და სადღაც ღელის წყლის ხმაურში მიიკარგა.ამასობაში ჩვენც ავედით.

პირველი სახერიბის მადლი.

დედაქალაქიდან დაბრუნებული წარმატებული ახალგაზრდა, ღვინის ჭიქით ხელში, ფეხზე წამომდგარი, სიჩუმეს ითხოვდა. ნათელი იყო, რაღაც მნიშვნელოვანი სადღეგრძელოს თქმას აპირებდა, ამიტომ ვიღაცამ თავი ანება ღვინოში კარგად გამბალი ქათმის ხორცის მოზრდილი ნაჭრის ჭამას, სხვამ ბაჟეში ამოვლებული მჟავე კიტრი გააგდო ხელიდან; მოკლედ, ყველამ მიატოვა ის საქმე რასაც აკეთებდა და ‘სმენად გადაიქცა’. ნამეტნავად მოჩუქრთმებული კი გამოვიდა სიტყვა,მაგრამ მოიხდინა და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. სიწმინდის სადღეგრძელო იყო, სიწმინდისა, რომელიც, იმ მომენტში, ძალიან ჰგავდა პირში ვაშლგაჩრილ გოჭის თავს, თვალებდათხრილს და უსხეულოს. ისხდნენ სასაფლაოზე გალეშილები და მღეროდნენ.

ძაღლები, რომლებმაც კუჭები აიტკივეს საფლავებიდან მოპარული კვერცხების ჭამით, წლების შემდეგ დაიხოცნენ, მერე გიახრწნენ და გახდნენ მიწის ნაწილი. ამ მიწაზე ვენაზი გააშენა ადამიანმა. მოსავალი მოიყვანა, ღვინო დაწურა და დადგა ახალი აღდგომაც.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s